2008 წლის აგვისტოს ომი

„ომიდან ათი წლის შემდეგ, პუტინის მხარდაჭერით მიმდინარე „ბორდერიზაციის“ გამო, საქართველო ტერიტორიებს კარგავს“ – ამ სათაურით რეპორტაჟს ამერიკული „ენბისი“ აქვეყნებს.

ჟურნალისტ ალექსანდრ სმიტის მიერ მომზადებულ მასალაში ვრცლად არის მიმოხილული, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება. „მიუხედავად ვაშინგტონის არა ერთი განცხადებისა, მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზე სულ უფრო შიგნით მიიწევენ“, – წერს რეპორტიორი. მისივე თქმით, საკმაოდ მაღალია იმის საფრთხე, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ერთხელაც რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდებიან.

რეპორტაჟში მოყვანილია საქართველოში დისლოცირებული ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის კომენტარიც, რომელიც საოკუპაციო ზოლთან არსებულ ვითარებას რთულსა და მიუღებელს უწოდებს. სტატიის ავტორი საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ვაშინგტონი ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

დატოვე კომენტარი