2008 წლის აგვისტოს ომი და პოლიტიკური კომპრომისის ფასი
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესმა პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ერთხელ გაააქტიურა 2008 წელს სტრასბურგში დამტკიცებული ცნობილი რეზოლუცია.
დოკუმენტი ერთ-ერთი საფუძველია სარჩელის, რომლითაც მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს. კიდევ უფრო რეზონანსული აღმოჩნდა არგუმენტები, რომლითაც მაშინ ხელისუფლებაში მყოფი და დღეს ასაკრძალთა სიაში შესული პარტია რეზოლუციისთვის ხმის მიცემის ახსნას ცდილობს. საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან ორ თვეში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მომზადებულ რეზოლუციაზე, რომლის მე-5 პუნქტში საუბარია 7 აგვისტოს ქართული შეიარაღებული ძალების მხრიდან ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვაზე, ორივე მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებზე. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 18 წლის წინანდელი რეზოლუციის მხარდაჭერის გამო მწვავედ აკრიტიკებს და დოკუმენტის სასარგებლოდ ხმის მიცემას ქვეყნის ღალატად, ქართველი სამხედროებისთვის ომის დაწყების და სამხედრო დანაშაულის დაბრალების ტოლფასად მიიჩნევს. უკვე დღეს ყოფილი მმართველი გუნდი საკუთარი გადაწყვეტილების გამო თავს საკონსტიტუციო სასამართლოში იმართლებს და პოლიტიკურ კომპრომისზე მიუთითებს.