200 კილოგრამი „ჰეროინის“ ქვეყანაში შემოტანის საქმე

200 კილოგრამი „ჰეროინის“ ქვეყანაში შემოტანის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ბრალდების მხარემ სწორედ პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. ირანის მოქალაქეს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენას, შენახვას და საქართველოში შემოტანას ედავება. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის მხოლოდ დაქირავებული მძღოლი იყო და ტვირთზე ინფორმაცია არ ჰქონია. გამოძიების თქმით, ავტომობილი საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „წითელი ხიდზე“ შემოვიდა. საქართველოდან ის ბულგარეთში მიემგზავრებოდა.