20 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე

პროკურატურამ კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება პაციენტისთვის ჩატარებულ არასათანადო მკურნალობას. „პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა“ – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, ასევე ბრალდება წარდგენილი აქვს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს და სისხლის სამართლის საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.