20-21 ივნისის მოვლენების სასამართლო განხილვა 16 სექტემბრისთვის გადაიდო

20-21 ივნისს აქციაზე დაკავებული შვიდი მონაწილის საქმის განხილვა 16 სექტემბრისთვის გადაიდო.

საქმის არსებითი განხილვის პირველ სასამართლო სხდომაზე დღეს მხარეებს შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ. ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ჯიქურის ადვოკატი ალექსანდრე ზუბიაშვილი პროცესზე არ გამოცხადებულა.

სხდომის გადადებას დაკავებულთა ახლობლების უკმაყოფილება მოყვა. მათი განცხადებით, ეს პირები უდანაშაულოდ არიან დაკავებული და საქმე ჭიანურდება.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ჯიქურის მეუღლის განცხადებით, დაკავებული უკვე მე-11 დღეა შიმშილობს და მათ სასამართლოს წარუდგინეს „ფორმა 100“ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

სასამართლო სხდომა აქციის ფონზე დაიწყო. დაკავებულთა ახლობლები, აქციაზე მყოფი მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებდნენ, რომ 20 ივნისის აქციის მონაწილეების დაკავება უკანონობაა და სასამართლო ხელისუფების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ასრულებს.