20-21 ივნისის აქციებზე დაკავებულების საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, კახა ღავთაძის და ვალერიან გელაშვილის წინა სასამართლო სხდომა გაიმართა.

სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებული კახა ღავთაძე პატიმრობაში დატოვა. მოსმაართლემ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი განიხილა, თუმცა არ გაითვალისწინა კახა ღავთაძის ადვოკატის შუამდგომლობა არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებაზე.

ამავე საქმეზე მეორე ბრალდებულს ვალერიან გელაშვილს კი 8 ათასი ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული. ღავთაძის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე არგუმენტით, რომ მან ვერ შეძლო ხუთ ტომიანი მასალის გაცნობა და მომზადება. მოსამართლემ ადვოკატის ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საქმის განხილვა 6 სექტემბერს გაგრძელდება.

კახა ღავთაძე და ვალერიან გელაშვილი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიება მათ 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.