კეზერაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის

დავით კეზერაშვილი აშშ-ში არ შეუშვეს.

ვიზის გაცემაზე უარს თავდაცვის ყოფილი მინისტრი კოლუმბიის სასამართლოში ასაჩივრებს. როგორც ჩანს, ექს-მაღალჩინოსნისთვის მიუღებელია მიზეზი, რომლითაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა გადაწყვეტილება ახსნა. უარის საფუძველი ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ეჭვია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაწყებულია. კეზერაშვილი ვიზაზე უარის მიღმა საქართველოს ხელისუფლების კვალს ხედავს. „ქართული ოცნება“ კი ფაქტს „ბიბისის“ იმ სკანდალურ გამოძიებას უკავშირებს, რომელმაც ქოლ-ცენტრების საერთაშორისი თაღლითური სქემის ერთ-ერთ ფიგურანტად დავით კეზერაშვილი დაასახელა. ბოლო წლებში პოლიტიკურად გააქტიურებული თავდაცვის ექს-მინისტრი და ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი დაუსწრებლად საქართველოში რამდენიმე საქმისთვისაა მსჯავრდებული. კეზერაშვილი, რომელიც საქართველოში ტელევიზიას ფლობს და არც პოლიტიკური სუბიექტებისა და ორგანიზაციების დაფინანსებას უარყოფს, ცოტა ხნის წინ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში დაწყებული რღვევის მთავარი მიზეზი გახდა. წელიწადნახევრის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ორად გახლეჩა და ნიკა მელიას გუნდის პროტესტით წამოსვლა სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრის არაფორმალური მმართველობით ახსნეს.