„ხალხის ძალის“ განცხადება

„ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება საუკეთესო დრო „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისთვის. მოძრაობა წინა ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებზე საუბრობს და კონკრეტულ მაგალითებზე მიუთითებს. „ნაციონალებმა“ სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლის ამოღება აგვისტოს ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე დააინიცირეს და კანონი 2008 წლის სექტემბერში მიიღეს – ვკითხულობთ წერილში.

განცხადებაში ასევე საუბარია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცოტა ხნის წინ პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, ზაზა გოგავა დანიშნა. ეს ის გოგავაა, რომელმაც ძველი „რუსთავი 2“-ის მიერ აგვისტოს ომის შესახებ გადაღებულ პროპაგანდისტულ ფილმში საომარი მოქმედებების დაწყება აღიარა. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ კომფორტულად თანამშრომლობს სალომე ზურაბიშვილთან, გუბაზ სანიკიძესთან და სხვა პოლიტიკოსებთან, რომლებსაც თავის დროზე მკაფიოდ აქვთ ნათქვამი, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო. ასევე, პარტიულ თანამდებობებზე აწინაურებენ ადამიანებს, რომლებსაც საომარი მოქმედებების დაწყება აქვთ აღიარებული. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ 2008 წელს ჩადენილი ღალატი მათ ოდნავ დისკომფორტსაც კი არ უქმნის. ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალა, თავისი ყველა სატელიტით, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე, აუცილებლად უმკაცრესად უნდა გასამართლდეს.