18 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან – მოვლენათა ქრონოლოგია

12:03, 08.08.2026

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტო – ხუთი დღე, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია შეცვალა. 18 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით შემოიჭრნენ. რუსულმა ავიაციამ დაბომბა რამდენიმე ქალაქი, გადაწვა ათეულობით სოფელი, სამხედრო ბაზები და სხვა სტრატეგიული ობიექტები. 8 აგვისტოს ღამეს ცხინვალის რეგიონში რამდენიმეთვიანი დაძაბულობა სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა. რამდენიმე საათში კონფლიქტში რუსეთის რეგულარული სამხედრო ნაწილებიც ჩაერთვნენ. საომარი მოქმედებები სწრაფად გასცდა ცხინვალის რეგიონს და საქართველოს სხვადასხვა მიმართულებაზე გავრცელდა. ხმელეთზე მიმდინარე ბრძოლების პარალელურად, რუსულმა ავიაციამ საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე არაერთი იერიში მიიტანა. დაიბომბა გორი, ვაზიანი, სენაკი, ფოთი და ქვეყნის სხვა ქალაქები. ათიათასობით ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუხდა, განადგურდა საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები. რუსულ სამხედრო აგრესიას 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 1 800-მდე პირი, 150 ათასზე მეტი კი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.

18 წლის შემდეგაც ომის შედეგები ყოველდღიურ რეალობად რჩება — ოკუპირებული ტერიტორიები, მავთულხლართებით გაყოფილი სოფლები და ოჯახები, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებენ. ხუთდღიანი ომი 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, თუმცა, მის შედეგებს საქართველო დღემდე ებრძვის. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ ოკუპირებულია, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა კი ყოველდღიურად აწყდება უკანონო დაკავებების, გადაადგილების შეზღუდვისა და უსაფრთხოების პრობლემებს. აგვისტოს ომმა ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა. მრავალი ოჯახისთვის ომი დღემდე არ დასრულებულა – ისინი კვლავ ელოდებიან დაკარგულ სახლებში დაბრუნებას.

მსგავსი