17 წლის მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა
ვერაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ნიკა კაპანაძეს ბრალი რამდენიმე საათის წინ ოთხი მუხლით ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ადვოკატის თანდასწრებით წაუყენეს – დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება – ასეა ფორმულირებული ბრალდებები. მოკლულია 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი. სროლის შედეგად ასევე დაიჭრა ორი ახალგაზრდა, რომლებიც ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. ტაქსიში მყოფი ქალი კი, რომელსაც ბრმა ტყვია მოხვდა, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. მკვლელობა ორი დღის წინ ვერაზე, შანიძის ქუჩის 31 ნომერში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა კაპანაძეს მისი საცხოვრებელ კორპუსთან შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან. ახალგაზრდები ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ, რა დროსაც ბრალდებულმა მათი მისამართით GLOCK 34 GEN 4 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. ხალხმრავალი შეკრების ადგილზე სროლის დროს საფრთხე შეექმნათ იქ მყოფ მოქალაქეებს – კაპანაძე რამდენიმე საათში მის სახლში დააკავეს, რა დროსაც წინააღმდეგობა სპეცრაზმსაც გაუწია, ის სამართალდამცავებს სახლში იარაღით დახვდა. დაკავების დროს ბრალდებულს თითები დაუზიანდა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმი ამბობს, რომ თითი მას უკვე ამპუტირებული ჰქონდა. დაკავებულის დედის თქმით, მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. დაგეგმილია შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება. სასამართლო პროცესი ხვალ კლინიკაშივე გაიმართება. პროკურატურა აღლვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.