17 წელი შინდისის ბრძოლიდან
17 წელი აგვისტოს ხუთდღიანი ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრძოლიდან – დღეს 11 აგვისტოა, თარიღი, რომელიც თითოეულ ქართველში დიდ ტკივილს და ამავდროულად სიამაყის განცდას იწვევს.
2008 წლის 11 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსულ მოტომსროლელ ასეულს შორის უთანასწორო ბრძოლა გაიმართა. მტერმა ქართველ ჯარისკაცებს ჩასაფრება შინდისის რკინიგზის სადგურთან მოუწყო. ოკუპანტების ალყაში მოქცეულების მისამართით მოწინააღმდეგე ყველა სახის იარაღიდან ისროდა. ქართულმა ოცეულმა მტრის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, საოკუპაციო ძალებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია და დიდი დანაკარგიც მიაყენა. 17 დაღუპული და სამი დაშავებული – ასე დასრულდა მტერთან უკომპრომისო დაპირისპირება, რომელიც ისტორიაში შინდისის ბრძოლის სახელით შევიდა.
დილიდან ხალხმრავლობა იყო სოფელ შინდისში, მემორიალთან, სადაც სამშობლოსათვის თავდადებული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.