17  წელი აგვისტოს ომიდან - დავა ევროსაბჭოს რეზოლუციის ირგვლივ

მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებას შორის დავის საგანია ევროსაბჭოს რეზოლუცია. დოკუმენტი, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან ორი თვის შემდეგ დამტკიცდა და რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა. სამშობლოს ღალატი  და ქართველი სამხედროების დადანაშაულება ომის დაწყებაში – ასე აფასებს „ქართული ოცნება“ ყოფილი ხელისუფლების მიერ ხელმოწერილ რეზოლუციას იმ არგუმენტით, რომ დოკუმენტის მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებში საუბარია საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებაზე, საქართველოს მხრიდან სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებასა და ომის დროს, ორივე მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე. მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. იდენტურია საპასუხო ბრალდებები. რაც შეეხება დოკუმენტის ხელმოწერას, „ნაციონალურ მოძრაობაში“  წლების წინ მიღებულ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ   რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია მოხსენიებული იყო, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო.