17 ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება გუშინ გავრცელდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა გამოიწვია ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება, მათ შორის, დახმარების და თანამშრომლობის შეზღუდვა.
„მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, რაც აშკარად მიზნად ისახავს, ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში“- წერია განცხადებაში. წერილს პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მალევე მოჰყვა.