17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის რანგში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას შიო მესამე პირველად გაუძღვა. წირვას საქართველოს სხვადასხვა ეკლესიისა და მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. წირვის დასრულების შემდეგ მათ მრევლს სიტყვით მიმართეს. პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით 10 დიდ ქალაქში მსვლელობა გაიმართა. დედაქალაქში მთავარი შეკრების ადგილი ქაშუეთის ტაძარი იყო. ქაშუეთიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მრევლი გზას გალობით, ხატებითა, ჯვრებითა და დროშებით მიუყვებოდა. მათი ნაწილი ოჯახის სიწმინდის დღეს უკვე რამდენიმე წელია ამ ფორმით აღნიშნავს, თუმცა წლევანდელი წელი განსხვავებულია. მრევლი ახლადგარდაცვლილ პატრიარქს ილია მეორეს გლოვობს. უწმინდესის დაარსებული დღესასწაულის მის გარეშე აღნიშვნა, მოქალაქეებისთვის ემოციურად რთული აღმოჩნდა. თბილისის ქუჩებში ხალხის კოლონა ავლაბრისკენ უწყვეტად რამდენიმე საათის განმავლობაში მიემართებოდა. სამების საკათედრო ტაძარში მისული მრევლი პატრიარქმა დალოცა და ქადაგებითაც მიმართა. შიო მესამემ მთავარი ყურადღება კვლავ ოჯახის როლზე, მშობლებისა და შვილების ურთიერთობასა და რწმენის გაძლიერებაზე გაამახვილა. ახალმა პატრიარქმა ილია მეორის მიერ დაწესებულ ტრადიციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 17 მაისის აღნიშვნა მომავალ წლებშიც გაგრძელდება, ისევე, როგორც საყოველთაო ნათლობა.