ტრადიცია გრძელდება და გრძელდება ზუსტად ისე, როგორც პატრიარქ ილია მეორეს სურდა – ერის გამთლიანებისა და საერთო ლოცვის დღე. 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა. ამ დღის მთავარი იდეა ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული ტრადიციული ოჯახური ღირებულებების, მშობლების პატივისცემისა და ოჯახური სიმტკიცის დაცვაა. დღეს ქართველებში გარდაცვლილი პატრიარქის მარადიული ხსოვნის დემონსტრირება და ახლადაღსაყდრებულის პირველი საპატრიარქო წირვა ერთმანეთს ავსებდა. უწმინდესის და უნეტარესის, შიო მესამის ქადაგება ქართველი ხალხისთვის ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობას უკავშირდებოდა. მან ქადაგებისას ემიგრანტებზეც ისაუბრა, ხოლო ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს ქართველებისთვის ეკლესიის კედლებში აღმოჩენილი სულიერი ნუგეშისთვის მადლობა გადაუხადა.