თავდასხმა ჟურნალისტებზე. ინციდენტთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლები გვიან ღამით გამოკითხეს, დაიწყო გამოძიება. „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თავს თბილისში, ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერის დროს დაესხნენ.
როგორც ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე ჰყვება, თავდამსხმელმა გაღიზიანება მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ გადამღები ჯგუფი „ფორმულადან“ იყო. მისივე თქმით, ნაცემია „ფორმულას“ ორი ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტსაც. ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.