15 წელი აგვისტოს ომიდან

საერთაშორისო რეზოლუციები, 15 წლის წინ გამოცემული ბრძანებულება და ვიდეოარქივი – ამ არგუმენტებით მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები წინამორბედებს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით სპეკულაციებში ადანაშაულებენ. მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიცია ბოლო წლებია, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შვიდ აგვისტოს ადის, თუმცა, 2013 წლამდე ომის დაწყების ღონისძიებებს სააკაშვილის ხელისუფლებაც 8 აგვისტოს მართავდა და საომარი მდგომარეობის შესახებ გამოცემულ ბრძანებულებაშიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსული 58-ე არმიის შემოჭრის თარიღად სწორედ რვა აგვისტოა მითითებული.

მმართველი გუნდი დღეს აქცენტს ყოფილი ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებზე აკეთებს და ამბობს, რომ პრაგმატული პოლიტიკის პირობებში, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა. საპასუხოდ ოპოზიცია ხელისუფლებას სიცრუის გავრცელებასა და ქვეყნისთვის დამაზიანებელ რიტორიკაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დღეს ყურდღება გაამახვილეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არასათანადო რეაგირებაზეც.