15-თვიანი ტყვეობის შემდეგ, სამი მძევალი თავისუფალია

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა. სამი მძევალი, რომლებიც „ჰამასის“ მიერ 15 თვის განმავლობაში იყო დატყვევებული, ისრაელის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ. საპასუხოდ, ისრაელმა 30 პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს, – ეს ერთ-ერთი პუნქტია, რასაც მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების პირველი ფაზა ითვალისწინებს. ტყვეებისა და პატიმრების გაცვლა ეტაპობრივად განხორციელდება და ეს პროცესი 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პარალელურად, „ბიბისის“ ინფორმაციით, ღაზის სექტორში ათასობით იძულებით გადაადგილებულმა პირმა საკუთარ სახლებში დაბრუნება დაიწყო. ზავის პირველ ფაზაში ასევე ისრაელის ძალები ღაზის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს დატოვებენ, ყოველდღიურად კი, კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ასობით სატვირთო მანქანა შევა. შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გასულ ღამეს ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ომის განახლების ალბათობაზე ისაუბრა.