15 762 ინფიცირებული - „ომიკრონის“ გავრცელების ანტირეკორდი

ქვეყანაში კიდევ ერთი ეპიდაფეთქებაა. ინფიცირებულების დღიურმა მაჩვენებელმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დღეს კორონავირუსი თითქმის 16 000 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ნიშნავს, რომ გუშინდელთან შედარებით მონაცემები გაორმაგებულია. თუმცა რეალური ციფრი სამ-ოთხჯერ მეტია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბოლო 24 საათში, ყველაზე ბევრი – 75 000-მდე ტესტი ჩატარდა. კიდევ უფრო მძიმეა უახლოესი კვირების პროგნოზი – ეპიდემიოლოგები მეექვსე ტალღის ყველაზე რთულ ფაზას დაწყებულად აცხადებენ. პიკის პერიოდი ორ-სამ კვირას გაგრძელდება, რა დროსაც დღიურად 20 000-ს ინფიცირებულსაც კი ვარაუდობენ. თებერვლის მეორე ნახევრიდან კი, ინფიცირების დინამიკის დაღმასვლის მოლოდინია. მძიმე სიტუაციაა სკოლებსა და ბაღებში, ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, მარტო თბილისში 48 ბაღი დახურეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი ახალი შემთხვევების 90 % „ომიკრონია“.
ეპიდემიოლოგიური ვითარების უკიდურესად გართულების მიუხედავად, შეზღუდვების დაწესება არ განიხილება.