14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმე

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეზე ბრალდებული დედისა და ბიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა, რომლებიც მკვლელობაში ბრალდებული ალიმ სადიკოვის დები არიან. მათ სხდომაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ნიშნობის დღე და არასრულწლოვნის გაქცევის ეპიზოდები. დაცვის მხარის განცხადებით, მოწმეებს საქმისთვის მნიშვნელოვანი დეტალები სასამართლოსთვის არ მიუწოდებიათ. პროკურორის თქმით, დღევანდელი მოწმეების ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებული დედა იმყოფებოდა სოფელში, საიდანაც ქალიშვილი სხვისი ძალდატანებით წამოიყვანა. პროკურორის თქმით, საქმეში არიან მოწმეები, რომლებიც შემთხვევის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.