14 წელი ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან  

წინა ხელისუფლების მმართველობა საზოგადოების ნაწილმა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტა.

14 წლის შემდეგ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მისი სახელობის მემორიალი გაიხსნა. ვარდების რევოლუციიდან ერთი წლისთავზე მომხდარი ფაქტის სასამართლო განხილვა ახლაც მიმდინარეობს. ხელახალმა ძიებამ 14 წლის წინანდელი ოფიციალური ვერსია რადიკალურად შეცვალა და დაადგინა, რომ პატრულის მიერ გაჩერების დროს რობაქიძის და მისი მეგობრების მანქანაში იარაღი არ იდო. მტკიცებულებების გაყალბებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოსამართლის განაჩენს ელოდებიან, რომელიც წლის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს. ბრალდებულებს შორისაა კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ბაქრაძე, რომელმაც წლების შემდეგ გახმაურებელ საქმეზე ფაქტების ფალსიფიცირება აღიარა და ბრალდებული ყოფილი კოლეგების საწინააღმდეგო ჩვენება მისცა.