14 წელი აგვისტოს ომიდან - 2008 წლის აგვისტოს ომს ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

2008 წლის აგვისტოს ომს ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა – მათ შორის იყო 169 ჯარისკაცი, რომლებიც საკუთარი ქვეყნის დასაცავად, რუს ოკუპანტებს სიცოცხლის ბოლო წუთამდე ებრძოდნენ.

თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ერთ-ერთი მთავარი ადგილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო იყო, სადაც დილიდან როგორც აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, ისე რიგითი მოქალაქეები და ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ გმირი ჯარისკაცების საფლავები ყვავილებით შეამკეს და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.