მსოფლიო სამშვიდობო შეთანხმების ოფიციალურად გაფორმების მოლოდინში.
შვეიცარიაში ისტორიული დოკუმენტის ხელმოწერისთვის ემზადებიან. ხანგრძლივი და ჩიხში არაერთხელ შესული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ და ირანი ომის დასრულებაზე შეთანხმდნენ. მემორანდუმს ხელი პარასკევს ჟენევაში უნდა მოეწეროს. ორივე მხარე შეთანხმებას საკუთარ მიღწევად აცხადებს. თვეების განმავლობაში მხარეებს შორის მთავარი სადავო თემა ირანის ბირთვული პროგრამა იყო. სწორედ ამ მიზეზით დაიწყო თებერვლის ბოლოს ამერიკამ ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია, რომელიც აპრილში დროებითი ზავის გამო შეწყდა, თუმცა მას შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმი არაერთხელ დაირღვა. რას ითვალისწინებს მემორანდუმის საბოლოო ტექსტი – დეტალებს არცერთი მხარე არ ახმაურებს. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ნავთობპროდუქტების გამტარი მთავარი საზღვაო გასასვლელი, ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, ცეცხლი ყველა ფრონტზე შეწყდება და ირანს საერთაშორისო სანქციები მოეხსნება, თუმცა გარკვეული პირობებით. მედიის ცნობით, თეირანი დაადასტურებს ვალდებულებას, რომ ბირთვულ იარაღს არ აწარმოებს, მაგრამ ამ ნაწილზე ირანის პოზიციონირება ისევ ბუნდოვანია. მემორანდუმში საუბარია ლიბანზეც, სადაც ცეცხლი უნდა შეწყდეს, თუმცა ისრაელის პოზიცია დოკუმენტის ამ პუნქტს ეწინააღმდეგება, რაც შეთანხმების ჩაშლის საფრთხეს ქმნის.