დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღადგინეს. ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ყოველ წელს მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ. სახელმწიფო დროშის დღეს მოქალაქეებს ულოცავს პრეზიდენტი. „საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და სიმტკიცის უმთავრესი ეროვნული სიმბოლო. ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა არა მარტო სახელმწიფოებრიობის, არამედ ეროვნული ცნობიერების, სიამაყის, პასუხისმგებლობის და ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლის თვალსაჩინო განსახიერებაა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს! ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას და ეროვნულ სიმტკიცეს“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.
სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადსხვა დანაყოფშიც. ამასთან დაკავშირებით საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში. ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.