13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

21 დაღუპული, ორი დაკარგული და ათასობით დაზარალებული მოქალაქე – 13 ივნისის სტიქიიდან 11 წელი გავიდა. სტიქიის ეპიცენტრები სვანიძის ქუჩა, ახალი გზა, ზოოპარკი და მზიური იყო. დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი და ათასზე მეტი ფიზიკური პირი. დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა და ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილიც, ცხოველების გარკვეულმა რაოდენობამ კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა, მოგვიანებით მათი ნაწილის ლიკვიდაცია გახდა საჭირო. მომდევნო დღეებში სხვადასხვა უწყების თანამშრომლებსა და ჯართან ერთად, სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში მოხალისეთა გუნდები იყვნენ ჩართული. ტრაგედიასთან ერთად, ეს დღე ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

დილიდან ხალხმრავლობაა 13 ივნისის მემორიალთან, სადაც სასულიერო პირებმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ადგილზე შეიკრიბნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები. მემორიალი ყვავილებით ასევე შეამკეს თბილისის მერმა, ვიცე-მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. მათ გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 11 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.