მოლაპარაკებები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში

პარლამენტის პირველი სხდომის დღეს საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება – გადაწყვეტილება ოპოზიციის შეკრებაზე მიიღეს. ლიდერების თქმით, ეს პანდემიასა და დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში საათზე მეტ ხანს მსჯელობდნენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განმარტებით, შექმნილი ეპიდვითარების გამო, ფართომასშტაბიანი შეკრება რუსთაველზე არ გაიმართება. პროტესტი არჩევნების შედეგების მიმართ ისევ გაგრძელდება, თუმცა გამოხატვის ფორმები, ამ ეტაპზე სიმბოლური იქნება. ამასთან, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიცია გეგმავს საჯაროდ მოაწეროს ხელი დოკუმენტს, რომ გაყალბებული არჩევნების ფონზე, საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არცერთი პარტია არ აპირებს.