12 წელი 7 ნოემბრის დარბევიდან 

პოლიციის ქმედება ქუჩაში და ტელე-კომპანია „იმედში“ ანგარიშსწორებას და ადამიანების დასჯას უფრო ჰგავდა, ვიდრე-წესრიგის დამყარების სურვილს”, – ეს არის ფრაგმენტი „ჰიუმან რაითს ვოთჩის“ წარმომადგენლის შეფასებიდან, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს ეხება.

ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი დღიდან 12 წელი გავიდა. ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ოპოზიციური პარტიების და მათი მხარდამჭერების მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მაშინდელი ხელისუფლება ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა. იმდროინდელი მმართველი პარტია ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არეულობას გეგმავდა. საპროტესტო გამოსვლები ჯერ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ კი რიყეზე დაარბიეს, რა დროსაც მშვიდობიან დემონსტრანტებს ხელკეტებით, მხუთავი აირით და რეზინის ტყვიებით გაუსწორდნენ. ოფიციალური მონაცმებით, დაშავდა 508 ადამიანი. დღის ბოლოს სპეც-რაზმი ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ ტელე-კომპანია „იმედში“ შეიჭრა.

რა შეცვალა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებმა ქვეყნის მომავალ ცხოვრებაში, – თემა პოლიტიკურ სპექტრში დღესაც აქტუალურია.