12-პუნქტიანი რეკომენდაცია - დეოლიგარქიზაციის გეგმა

ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულება პოლიტიკური ვნებათაღელვის მთავარი თემა ხდება.

დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია – ეს არის ორი მთავარი პუნქტი ევროკომისიის მიერ წაყენებული პირობებიდან, რომლებსაც ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვანაირად კითხულობს და შესაბამისად, მათი შესრულების გზებიც განსხვავებულად ესახებათ. დავიწყოთ დეოლიგარქიზაციით, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ევროკომისიამ შემდეგი ფორმულირებით განუსაზღვრა: ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა. ოპოზიციისთვის ამ ჩანაწერს მიღმა მხოლოდ ერთი ადამიანი, ანუ ბიძინა ივანიშვილი იკითხება, ხელისუფლებისთვის კი მმართველი პარტიის დამფუძნებელი და პოლიტიკიდან ერთი წლის წინ წასული ივანიშვილი ოლიგარქის კლასიკურ გაგებას საერთოდ არ მიესადაგება. „ქართული ოცნება“ ევროკომისიის მე-5 პუნქტის შესასრულებლად ოპონენტებს სამუშაო ფორმატს და კონკრეტული კრიტერიუმების განსაზღვრას სთავაზობს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე უკრაინის მიერ მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონითაც იხელმძღვანელოს.