12 პრიორიტეტის შესრულების ანგარიში

ცხრა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მდგომარეობა შეაფასა.

რიგით მეხუთე შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, 2023 წლის 20 ივნისიდან პირველ აგვისტომდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, მოცემულ პერიოდში, სრულად არის შესრულებული ერთი პირობა. მეტწილად შესრულებულია ორი პირობა. ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და ჯერ კიდევ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა – დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2023 წლის 20 ივნისიდან პირველ აგვისტომდე პერიოდში, მცირე პროგრესი შეიმჩნევა დამოუკიდებელი მედიისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართულებებით. დადებითად შეფასდა
პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება და რიგი კანონპროექტების შემუშავების პროცესი, ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება.
დოკუმენტში ასევე საუბარია იმ ნაბიჯებზე, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.