გიორგი შაქარაშვილის საქმე

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის 11 ფიგურანტი პატიმრობაში რჩება.

სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არცერთი სრულწლოვნის ადვოკატების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. პროკურატურა დაკავებულთა ნაწილისთვის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალის დამძიმებას უახლოეს პერიოდში ვარაუდობს. როგორც ჩანს, ბრალდების მხარე დამატებითი მტკიცებულებების სახით კომპლექსური, მათ შორის ჩანთის და ნიადაგის, ექპერტიზის შედეგებს ელოდება. მანამდე კი საგამოძიებო მასალებში ჩნდება საქმის მთავარი მოწმის, ვახტანგ ახვლედიანის ახალი ჩვენება და კიდევ ერთი ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის მხრიდან გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა, რომელთა გათვალისწინებით გარდაცვლილის ბიძა გიორგის დევნის, ალყაში მოქცევის, ცემის და არაგვში გადაგდების ვერსიას განიხილავს.

უცვლელია გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პოზიცია.  დაღუპულის ოჯახის წევრები „ტოიოტა ქამრიში“ მჯდომი ყველა პირის მკვლელობის მუხლით გასამართლებას ითხოვენ. რაც შეეხება საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის საკითხს, მათი საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და ექვსივე მათგანის აღკვეთის  ღონისძიებაზე სასამართლო 31 ივლისს ჩანიშნულ პროცესზე იმსჯელებს. 19 წლის ფეხბურთელის საქმის გამოძიების გახანგრძლივებული ვადა 36 დღეში იწურება.