11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე 

გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის მამას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ფრიდონ აბჟანდაძე თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ოჯახში ძალადობის ფაქტზეა ბრალდებული.

დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. პარალელურად 23 აგვისტოს თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ გარდაცვლილის მამა, შვილის  გარდა საკუთარ დედაზეც ძალადობდა. წარსულში კი ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლესა და უფროს შვილებსაც აყენებდა. ახლობლები საუბრობენ იმაზეც, რომ დაკავებული განსაკუთრებული აგრესიულობით ალკოჰოლური თრობის დროს გამოირჩეოდა. ბავშვის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და აცხადებენ, რომ მოზარდი მოკლულია.

შეიძლებოდა თუ არა მომხდარის თავიდან აცილება და რატომ არ მიმართეს ძალადობის ფაქტზე სამართალდამცველებს მეზობლებმა. ფაქტს ფსიქოლოგები სოციუმში დამკვიდრებული მავნე დამოკიდებულებით ხსნიან. საზოგადოების გულგრილობის ფონზე კი მხოლოდ 2020 წლის ექვს თვეში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 219 მოზარდი გახდა.