11 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - მცოცავი ოკუპაცია

2008 წლის ომიდან 11 წლისთავზე, მცოცავი ოკუპაცია გრძელდება.

მორიგი სამიზნე გორის რაიონის სოფელი გუგუტიანთკარია, სადაც რუსმა სამხედროებმა ახალი ხელოვნური ბარიერების აღმართვა დაიწყეს. სოფლის განაპირას მიტანილია რკინის კონსტრუქციები, რომლებზეც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, როგორც წესი, რკინის ღობეებს ავლებენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალ ბარიერს მიღმა უკვე მოექცა ორი სახლი. მოსახლეობა შიშობს, რომ უკანონო სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში მათი მიწის ნაკვეთებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდება. ამ დროისთვის სოფელში სამუშაოები შეჩერებულია. რუსი სამხედროები დასახლებაში დღეს აღარ გამოჩენილან. ჯერ კიდევ გუშინ ადგილობრივებმა მათთან კომუნიკაცია სცადეს, თუმცა ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს.

ფაქტს მკაცრად გმობს საგარეო უწყება და მიიჩნევს, რომ უკანონო სამუშაოები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ნეგატიურად აისახება.

ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია საერთაშორისო საზოგადოება.