11 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან

ქვეყანა უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე ხუთ დღეს იხსენებს. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებების იგნორირების პოლიტიკას განაგრძობს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დღემდე არ ასრულებს. 2008 წლის 12 აგვისტოს, ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული შეთანხმების პუნქტები დღეს მოსკოვს თბილისის გარდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს. განცხადებებში ოკუპაციის უმძიმესი შედეგებიცაა ხაზგასმული. გატაცებები, მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით გაყოფილი სოფლები, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ბურუსით მოცული მკვლელობები და დაუსჯელი დამნაშავეები – ასეთია რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლისთავზე რეალობა საოკუპაციო ზოლში. 2008 წლის აგვისტოს დღეების გახსენებას და ტრაგიკული მოვლენების შეფასებას, პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირების გარეშე არც დღეს ჩაუვლია.