„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმაურება

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი აგვისტოს ომთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.  ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ოკუპაციას ჰყავს ავტორი და ის არის რუსეთი. მაგრამ, მისივე თქმით: „ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი, რომლის გარეშეც „შეუძლებელი იქნებოდა ოკუპაცია – ეს ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელთა მოღალატეობრივმა და მავნებლურმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა რუსული ოკუპაცია“.

ის ამავე განცხადებაში ამბობს, რომ გზავნილები, რომლის მიხედვითაც, თითქოს საქართველომ აგვისტოს ომის ხარჯზე ამოისუნთქა, არის ცინიზმი  განსაკუთრებით  დაკარგული ტერიტორიების,  გმირი მებრძოლების,  გაუბედურებული ოჯახების, საკუთარი სახლ-კარიდან აყრილი მოსახლეობის ფაქტორის გათვალისწინებით.

ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებსაც  გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც,  2012  წელს,  ხელისუფლების ცვლილება თითქოს ვლადიმერ პუტინმა  უზრუნველყო და ბიძინა ივანიშვილიც მან მოიყვანა ხელისუფლებაში.  ღარიბაშვილის შეფასებით,  სააკაშვილის ამ სახის განცხადებებმა ყოველგვარ  მოლოდინს  გადააჭარბა.  „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი მიიჩნევს, რომ კოჰაბიტაცია ისეთ ძალასთან, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“,  ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს.