11 ბიზნესგაერთიანება ფინანსთა მინისტრს მიმართავს

საქართველოში მოქმედი 11 ბიზნესგაერთიანება ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს ერთობლივი წერილით მიმართავს, რომელიც ე.წ. ოქროს სიასთან მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მის ბრძანებას ეხება. ბრძანების თანახმად, ე.წ. ოქროს სიის მონაწილე კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადაზე შეღავათი უქმდება.

„გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ დირექტორის, გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, მიმართვის მიზანია, ფინანსთა მინისტრის მხრიდან გაკეთდეს ოფიციალური და საჯარო განმარტებები მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ბიზნესგაერთიანებებს მინისტრთან სამი კითხვა აქვთ, რომელზეც დაუყოვნებლივ პასუხს ითხოვენ.