105 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სამწლიანი ისტორია დასრულდა. რუსეთის მე-11 საბჭოთა არმიამ ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. ტრაგიკულ და უმძიმეს თარიღს წინ უძღოდა გადამწყვეტი და უთანასწორო ბრძოლები თბილისის მისადგომებთან და ქართველი სამხედროებისა და სამხედრო სასწავლებლების სტუდენტების თავგანწირვა და გმირობა. სამი წლით ადრე არჩევნების გზით არჩეული მთავრობა იძულებული გახდა, რომ ემიგრაციაში წასულიყო. საბჭოთა რეჟიმის მმართველობა და ოკუპაცია 70 წელს გაგრძელდა. დამოუკიდებლობის აღდგენის მიუხედავად, ოკუპაცია დღესაც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.