100 წელი რუსული ოკუპაციიდან - მოვლენათა ქრონოლოგია

100 წელი საქართველოს გასაბჭოებიდან – ქვეყანა საკუთარი ისტორიის ყველაზე მძიმე დღეებს იხსენებს.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია დასრულდა და ქვეყანაში საბჭოთა 70-წლიანი რეჟიმი დამყარდა. 100-წლის წინანდელი მოვლენების მთავარი ეპიცენტრი თბილისის მისადგომები იყო. 16 თებერვალს შემოსულმა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ დედაქალაქზე პირველი შეტევა 18 თებერვალს მიიტანა, რაც ქართულმა მცირერიცხოვანმა სამხედრო ნაწილებმა თავგანწირული ბრძოლის შედეგად მოიგერიეს. ამის შემდეგ საომარმა მოქმედებებმა კოჯორ-ტაბახმელაში გადაინაცვლა, კოჯრის გათავისუფლებას ქართველ იუნკერთა რაზმის ნახევარზე მეტი ემსხვერპლა. თუმცა დამხმარე ძალების და მძიმე ტექნიკის ჩართვის შემდეგ ქართულ არმიას საბოლოოდ პოზიციების დათმობა მოუხდა – 25 თებერვალს თბილისში წითელარმიელები გამოჩნდნენ.

რუსეთის მიერ უხეშად დარღვეული 1920 წლის მაისის სამშვიდობო შეთანხმება და დამოუკიდებელი ქვეყნის ოკუპაცია, რასაც მთავრობის ემიგრაციაში წასვლა, 70-წლიანი ტყვეობა და რეპრესიები მოჰყვა, – უმძიმესი მოვლენების ქრონოლოგიას გენო ოსიყმაშვილი გაგვახსენებს.