10 ოქტომბერი მეტყევის დღეა
10 ოქტომბერი მეტყევის დღეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბოტანიკურ ბაღში, მეტყევის დღის აღნიშვნის ღონისძიება გაიმართა. მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. წარმატებული საქმიანობისთვის სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცათ ეროვნული სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და აჭარის ა/რ სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს.
ღონისძიებაზე სატყეო დარგში მოღვაწე სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებიც დაჯილდოვდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, დამსახურებული მეტყევის სტატუსი მიენიჭა დარგის ღვაწლმოსილ მეტყევეებს და მათ სპეციალური ჯილდო გადაეცათ. აღინიშნა, რომ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, სატყეო რეფორმის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, რამაც ხელშესახები შედეგები მოიტანა ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვის მიმართულებით.