„10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, – ამ სათაურით ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს და იმ მიზეზების შესახებ წერს, რატომაც თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში მოხვდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დედაქალაქი პოპულარობის ზენიტშია. თბილისი მომნუსხველი ქალაქია, სადაც ქვაფენილიანი ქუჩები და ქალაქის ისტორიული ცენტრი მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უსვამს ხაზს. სტატიაში ასევე საუბარია საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე, სადაც ქვევრში ღვინის დამზადების კულტურა 8 ათას წელს ითვლის.
easyJet თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს და ფრენებს ლონდონის, ჟენევასა და მილანის მიმართულებით ჯამურად კვირაში ექვსი სიხშირით შეასრულებს.