ისრაელის სამხედროების ინფორმაციით, ღამით ღაზის ჩრდილოეთით „მიზანმიმართული რეიდი“ განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს სახმელეთო იერიშებს ღაზაში, რათა მოემზადონ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის შემდეგი ეტაპებისთვის. „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების დაწყების შემდეგ 7 000 ადამიანი დაიღუპა. ისრაელი კი აცხადებს, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმებს 1 400 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, ამასთან ერთად ღაზაში 220-ზე მეტი ადამიანი კვლავ მძევლად აყვანილი რჩება.
„ჰამასის“ თქმით, ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად 50-მდე მძევალი დაიღუპა. ბრიუსელში გამართული სამიტის დეკლარაციაში ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა გამოთქვეს „უმძიმესი შეშფოთება ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო“.