კაპიტალური ინვესტიციების დეფიციტი, რისი შედეგიც მძიმე ინფრასტრუქტურული და ტექნიკური მდგომარეობაა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
ამ გამოწვევის საპასუხოდ, ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი ხედვა, რომელიც სრული ტექნიკურ-ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და ახალი შენობის მშენებლობის მიმართულებით მასშტაბურ საინვესტიციო პაკეტს მოიცავს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ფინანსური მართვის ახალ მოდელს, რომელიც საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციასა და კაპიტალური ინვესტიციების მასშტაბის მნიშვნელოვან ზრდას გულისხმობს.
ამდენად, ფინანსების მართვის სტრატეგია და ხედვა ორიენტირებულია არა მხოლოდ მოკლე და საშუალოვადიანი ამოცანების გადაჭრაზე, არამედ ორგანიზაციის გრძელვადიანი განვითარებისთვის სტაბილური საფუძვლების შექმნაზე.
მაუწყებელი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, საკუთარის გარდა, იყენებს მოზიდულ სახსრებს, რაც ორგანიზაციის ფინანსური სტაბილურობის კუთხით დამატებითი გამოწვევაა. თუმცა, ფინანსური ნაკადების სწორი მართვით და გადანაწილებით, ტელევიზია შეუფერხებლად ახორციელებს ფინანსური რესურსის მოზიდვას და მის დაბანდებას საინვესტიციო პროექტებში, რამაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არათუ ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით მოწინავე ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების მედიასაშუალებად უნდა აქციოს.