ზვიად ზვიადაძე - სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა ჩვენი მოქალაქეები დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრობიდან
ზვიად ზვიადაძე - სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა ჩვენი მოქალაქეები დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრობიდან

სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ზვიადაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე რამაზ ბეღელურისთვის ორთვიანი პატიმრობის მისჯა, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გადადგმული მორიგი დესტრუქციული ნაბიჯია.

მისი თქმით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა საქართველოს მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ.

„საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა მიმდინარე წლის ორ თებერვალს უკანონოდ დაკავებულ საქარველოს მოქალაქე რამაზ ბეღელურს. ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გადადგმული მორიგი დესტრუქციული ნაბიჯი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს და არის იმ მავნე პრაქტიკის გაგრძელება, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენ წლების მანძილზე ვხედავთ ოკუპირებული ორი რეგიონის მიმართულებით.

შესაბამისი სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა დაუყოვნებლივ და უპირობოდ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან, როგორც რამაზ ბეღელურის, ასევე ყველა იმ ადამიანის, ვინც დღეს უკანონო ტყვეობაში იმყოფება ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე – ცხინვალში, ასევე სოხუმში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, ასევე საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები“, – აღნიშნა ზვიად ზვიადაძემ.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ რამაზ ბეღელურს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 36 წლის მამაკაცი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა ერთი კვირის წინ დააკავეს.