ზვიად ზვიადაძე - ჟენევის მოლაპარაკებებზე ე.წ. გადასასვლელის გახსნის საკითხი მწვავედ დაისმევა, ასევე, ყურადღება გამახვილდება მოქალაქეებზე, რომლებიც ისევ რჩებიან ცხინვალისა და სოხუმის იზოლატორებში
ზვიად ზვიადაძე - ჟენევის მოლაპარაკებებზე ე.წ. გადასასვლელის გახსნის საკითხი მწვავედ დაისმევა, ასევე, ყურადღება გამახვილდება მოქალაქეებზე, რომლებიც ისევ რჩებიან ცხინვალისა და სოხუმის იზოლატორებში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის ზვიად ზვიადაძის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებებზე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელის გახსნის საკითხი მწვავედ იქნება დასმული.

მისივე თქმით, ასევე, ყურადღება გამახვილდება იმ მოქალქეებზე, რომლებიც დღეის მდგომარეობით ისევ რჩებიან ცხინვალისა და სოხუმის იზოლატორებში.

„როგორც ყოველი რაუნდის წინ, ახლაც კონსტურქციული დიალოგისთვის ვართ განწყობილი და იმედი გვაქვს, რომ იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები. 2 წელიწადზე მეტია, რაც ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ჩაკეტილია ე.წ. გადასასვლელი და ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგორის რაიონში, შეზღუდული აქვთ გადაადგილების თავისუფლება, რაც უამრავ პრობლემას იწვევს, განსაკუთრებით ეს გამოჩნდა პანდემიის პირობებში, როდესაც ადამიანებს სამედიცინო სერვისებზე წვდომა არ აქვთ. სამწუხაროდ, გვქონდა ლეტალური ფაქტებიც. ამიტომ ეს საკითხი იქნება ძალიან მწვავედ დასმული და იმედი გვაქვს, მომავალში იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რაც ადგილზე ადამიანების უსაფრთხოების გარემოს, მათ ყოფას და მდგომარეობას გააუმჯობესებს. ასევე, რა თქმა უნდა, ყურადღება იქნება გამახვილებული იმ მოქალაქეებზე, რომლებიც დღეის მდგომარებით ისევ რჩებიან ცხინვალის და სოხუმის იზოლატორებში“, – განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.