ზვიად სხვიტარიძე - თამბაქოზე აქციზის ზრდა ნეგატიურად აისახება ბაზარზე და არალეგალურ ვაჭრობას გაზრდის
ზვიად სხვიტარიძე - თამბაქოზე აქციზის ზრდა ნეგატიურად აისახება ბაზარზე და არალეგალურ ვაჭრობას გაზრდის

თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდა ბაზარზე ნეგატიურად აისახება და არალეგალურ ვაჭრობას გაზრდის, – ამის შესახებ პირველ არხს „ბრითიშ-ამერიქან ტობაკოს“ კორპორაციულმა დირექტორმა, ზვიად სხვიტარიძემ განუცხადა.

მისი თქმით, აქციზი რადიკალურად გაიზარდა, რაც პოზიტიური ნაბიჯი არ არის.

„თამბაქოს ინდუსტრია ვფიქრობთ, რომ ეს ნეგატიურად აისახება არალეგალური ვაჭრობის კუთხით. არალეგალური ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა არის მოსალოდნელი. ზოგადად, ეს არევს მთლიანად ბაზარს, რაც პოზიტიურად არ აისახება ეკონომიკურ განვითარებაზე. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, რადიკალური ზრდის წინააღმდეგი ვართ“, – განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

როგორც „ბრითიშ-ამერიქან ტობაკოს“ კორპორაციული დირექტორი ამბობს, ისინი მხარს უჭერდნენ უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გათანაბრებას. ევროპაშიც ერთნაირი დაბეგვრის სისტემაა და სხვა მოდელი არ არსებობს.

„ჩვენთან იყო ფიქსირებული 60 თეთრი უფილტრო სიგარეტზე და 1.70 ლარი ფილტრიანზე. ამის გათანაბრებაზე იყო საუბარი. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, ადვალურ გადასახადს, რაც არის იგივე აქციზი, 10 პროცენტს ვიხდიდით კონკრეტული კოლოფის საბაზრო ღირებულებიდან. მაგალითად, თუ სიგარეტი ღირდა 3 ლარი, შესაბამისად 30 თეთრს ვიხდიდით ადვალურ გადასახადს. ახლა ფილტრიან სიგარეტზე ეს 10 პროცენტი 30 პროცენტამდე გაიზარდა, რაც რადიკალური ზრდაა. რასაც ახლა ადევნებთ თვალს, ეს არის 50 თეთრიანი ზრდა, თუმცა ეს დასაწყისია და წლის ბოლომდე ზრდა 1 ლარი-1.50-ლარამდე იქნება“, – განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10 პროცენტის ნაცვლად, 30 პროცენტის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.70 ლარი გახდა. მანამდე უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადო 60 თეთრი იყო.