ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აცხადებს, რომ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში ჩაერთვება, მაგრამ 2017 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, დამოუკიდებელ კანდიდატად არ დარეგისტრირდება.
როგორც პირველ არხს სიჭინავამ განუცხადა, ის ნებისმიერი პარტიისგან მიიღებს შეთავაზებას მხარდაჭერის შესახებ და ამ მიზნით, პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს გამართავს. სიჭინავა ხაზგასმით ამბობს, რომ არ აპირებს პოლიტიკური დავალებების შესრულებას და მერის თანამდებობაზე საკუთარ თავს მოიაზრებს, როგორც მხოლოდ მენეჯერს და არა პოლიტიკოსს.
„მერი ჩემთვის არის მენეჯერი და არა პოლიტიკოსი, რადგან მერს უნდა აწუხებდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სტადიონი, გაზი, გზა, წყალი და ასე შემდეგ. მე მზად ვარ ნებისმიერი შემოთავაზებისთვის. 2017 წელს ვიყარე კენჭი როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თუმცა დღეს საქართველო არ არის მზად დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. უნდა გყავდეს მხარდამჭერი პარტია და მზად ვარ, განვიხილო ყველა ვარიანტი, ოღონდ იმ ხალხთან, რომლებიც ზუგდიდს განიხილავენ არა როგორც პოლიტიკურ მოედანს, არამედ ზრუნავენ ქალაქზე და ფიქრობენ მის განვითარებაზე”, – განუცხადა პირველ არხს ზვიად სიჭინავამ.
სიჭინავას განცხადებით, პირობითად, მისი წინასაარჩევნო სლოგანი იქნება „გავხადოთ ზუგდიდი საქართველოში ნომერ პირველი ქალაქი”.
როგორც ზვიად სიჭინავამ აღნიშნა, ქალაქის ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება.
„არ შეიძლება 47 მილიონი ლარის დაფინანსების მქონე ქალაქში 22-23 მილიონი იყოს სახელფასო ფონდი. მე ბიზნესმენი კაცი ვარ და ვიცი – ბიზნესი წარმატებულია, როცა სახელფასო ფონდი შეადგენს 8-12%-ს. როცა გადაჭარბებაა 18%-ზე ზემოთ, ეს უკვე არის ჭაობი”, – ამბობს სიჭინავა.
ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. პირველ ნოემბერს კი მერი და მისი მოადგილე, გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში გაიმართება.