ზვიად შალამბერიძემ რეგიონის მერებთან ეპიდსიტუაციასა და სოციალურ პაკეტებზე იმსჯელა
ზვიად შალამბერიძემ რეგიონის მერებთან ეპიდსიტუაციასა და სოციალურ პაკეტებზე იმსჯელა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ რეგიონის მერებთან ონლაინკონფერენცია გამართა.

სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციისას მხარის გუბერნატორმა პანდემიის მიმართულებით იმერეთში არსებულ მდგომარეობაზე, „კოვიდ-19“-ის მართვის პროცესსა და ეპიდვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ზვიად შალამბერიძემ 12-ვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელისგან მოისმინა ინფორმაცია, რამდენად გამართულად მუშაობს ცხელი ხაზი რაიონებში და ყველას მოუწოდა, პირად კონტროლზე აიყვანონ თითოეული მოქალაქის საკითხი თუ პრობლემა.

ვიდეოკონფერენციის დროს სახელმწიფო რწმუნებულმა სოციალურ პაკეტზეც იმსჯელა. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრებ მოხუცებს, მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, ნობათები გადაეცემათ. იმერეთის მასშტაბით სოციალური აქციით 10 000-მდე ოჯახი ისარგებლებს. რაც შეეხება ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტის დარიგებას, მუნიციპალიტეტებში გაცემა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს“, – აღნიშნულია სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დღევანდელ ონლაინშეხვედრაზე 2020 წელს რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც იმსჯელეს.

„განიხილეს პროექტების მიმდინარეობა, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ასევე სასკოლო, მრავალსართულიანი სახლების ეზოებისა და სადარბაზოების კეთილმოწყობის, დასასვენებელი სკვერების, სპორტული მოედნების, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების, სასმელი წყლის ქსელის მოწყობის, ამორტიზებული ხიდების აღდგენის, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და სხვა მიმართულებით.

ზვიად შალამბერიძემ მერებს მიმართა, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხარისხიანად იყოს შესრულებული და თითოეული ობიექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს.

ასევე, სახელმწიფო რწმუნებულმა მერებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა, სოფლის მხარდასაჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზეც. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველა სოფლისთვის გამოყოფილია გარკვეული თანხა და მოსახლეობა საკუთარი სურვილით ირჩევს პრიორიტეტებს რა უნდა გაკეთდეს აღნიშნული დაფინანსებით“, – ნათქვამია სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად 2021 წლის პრიორიტეტებზეც იმსჯელა.