ზვიად შალამბერიძემ ქუთაისელ მედიკოსებთან კორონავირუსით ინფიცირებულთა სახლის პირობებში და საკარანტინო სივრცეებში მსუბუქი შემთხვევების მართვის გეგმა განიხილა
ზვიად შალამბერიძემ ქუთაისელ მედიკოსებთან კორონავირუსით ინფიცირებულთა სახლის პირობებში და საკარანტინო სივრცეებში მსუბუქი შემთხვევების მართვის გეგმა განიხილა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში არსებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ხელმძღვანელებთან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკურ მართვაზე ისაუბრა. მხარის რწმუნებულმა სახლის პირობებში და საკარანტინო სივრცეებში მსუბუქი შემთხვევების მართვის გეგმა კიდევ ერთხელ განიხილა. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით „კოვიდ-19“-ის დადასტურების შემთხვევაში უსიმპტომო პაციენტების მართვა ბინაზე, ექიმების მეთვალყურეობით მოხდება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა მსუბუქი ფორმით კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის დეტალური გეგმა. საუბარია მკურნალობაზე სახლის პირობებში ან საკარანტინო სივრცეებში. გეგმის თანახმად, მძიმე შემთხვევების მკურნალობა ხდება საავადმყოფოში, შედარებით მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა – ე.წ. კოვიდსასტუმროებში და მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა – საცხოვრებელ ადგილას, სადაც საამისოდ სათანადო პირობები არსებობს. იქ, სადაც სათანადო პირობები არ არსებობს, გამოიყენება კოვიდსასტუმროები.

„აქამდე კოვიდინფიცირებულების მართვა თუ ხდებოდა სამედიცინო დაწესებულებებში და შემდეგ უკვე მსუბუქი შემთხვევებისას, „კოვიდსასტუმროებში“ დღეს უკვე პაციენტების მართვის, კიდევ ერთი მექანიზმი ამუშავდა რეგიონში. პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი მსუბუქი ფორმით დაუდგინდება, მკურნალობის კურსს ექიმთან კონსულტაციით სახლში გაივლის. ექიმები უკვე გადამზადებული არიან კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად და თითოეული მათგანი საჭიროებისამებრ, აქტიურად უნდა ჩაერთოს პროცესში. იცით, რომ პროტოკოლის მიხედვით, თუ პირველადი კლინიკური შეფასების შედეგად გამოვლინდება დაავადების მსუბუქი ფორმა და ექიმი დარწმუნდება, რომ პაციენტის მოვლა უზრუნველყოფილი იქნება იზოლირებულ გარემოში, ოჯახის წევრების/ახლობლების მიერ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სათანადო ზომების დაცვით, ამ დროს მკურნალობა გაგრძელდება ბინაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტის გადაყვანა უნდა მოხდეს შესაბამის საკარანტინო სივრცეში“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ამ დროისთვის, იმერეთის კოვიდცენტრებში იმყოფება 301 კოვიდინფიცირებული, ხოლო სასტუმროებში 77. ასევე, დღეიდან ამოქმედდა ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მექანიზმი.