ზვიად შალამბერიძემ იმერეთში, საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეები მოინახულა
ზვიად შალამბერიძემ იმერეთში, საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეები მოინახულა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოთავსებული მოქალაქეები მოინახულა, რომლებიც 10 მარტს იტალიიდან სპეციალური რეისით დაბრუნდნენ.

რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზვიად შალამბერიძე მოქალაქეებს გაესაუბრა და საკარანტინო ზონის პირობებს გაეცნო.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირად კონტროლზე მყავს აყვანილი საკარანტინო ზონა, სადაც განვათავსეთ ჩვენი მოქალაქეები. 24 საათის განმავლობაში მორიგეობს ეპიდემიოლოგთა ჯგუფი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა განსაზღვრული ორი კვირის განმავლობაში აქ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოფნა იყოს მაქსიმალურად კომფორტული. პირადად გავესაუბრე რამდენიმე მათგანს და შემიძლია გითხრათ, რომ ეს პირობები ნამდვილად მისაღებია მათთვის. ეს სტანდარტი სრულად აკმაყოფილებს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნას და ყველა პირობა დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ამასთან, როგორც საკარანტინო ზონაში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა, ისინი სანატორიუმში არსებული პირობებით კმაყოფილი არიან.

„პირდაპირ მოგვიყვანეს აეროპორტიდან და ვართ იზოლირებული, არ გავდივართ გარეთ. პირობებით ვართ საკმაოდ კმაყოფილი – როგორც ოთახით, ასევე კვებით. დღეს უკვე დაიწყო სამედიცინო შემოწმებები, დღეში ორჯერ ვამოწმებთ სხეულის ტემპერატურას. დღეს გვესტუმრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და შემოგვთავაზა ყველანაირი თანადგომა. თუ რაიმე დაგვჭირდება, შეგვიძლია, ნებისმიერ დროს შევაწუხოთ“, – განაცხადა მოქალაქემ.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ რწმუნებულის ადმინისტრაციამ გაავრცელა.