ზვიად შალამბერიძემ იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს რეკომენდაცია მისცა, მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ახალ რეგულაციაზე ინფორმაცია მიაწოდონ
ზვიად შალამბერიძემ იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს რეკომენდაცია მისცა, მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ახალ რეგულაციაზე ინფორმაცია მიაწოდონ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ თორმეტივე მუნიციპალიტეტის მერებთან დისტანციური თათბირი გამართა.

თათბირზე იმ ახალი რეგულაციების შესახებ ისაუბრეს, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში იქნა მიღებული.

სახელმწიფო რწმუნებულმა მერებს მისცა რეკომენდაცია მოსახლეობას ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ეხება, დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.

გარდა ამისა, ზვიად შალამბერიძე დაინტერესდა, როგორი მდგომარეობაა მუნიციპალიტეტებში პროდუქტების მარაგისა და მომარაგების კუთხით.

„როგორც იცით, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა კიდევ რამდენიმე დღით გაგრძელდა, რის გამოც ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც მიწის ნაკვეთები აქვთ ქალაქის მიმდებარე სოფლებში, შეექმნათ პრობლემები გადაადგილებასთან დაკავშირებით. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღის განმავლობაში – დღის და საღამოს საათებში, მათ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეთ, რათა მათ საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად განახორციელონ. ამ საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერებთან გავმართეთ დისტანციური თათბირი, მათ მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები, ასევე 12-ვე მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დისტანციურ თათბირის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მისი სამივე მოადგილე ესწრებოდა.

საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით, შეეძლებათ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00-დან 19:00-მდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.