ზვიად შალამბერიძე - პანდემიის გამო შეჩერებული გვაქვს მასშტაბური ღონისძიებები, მაგრამ არ შეგვიჩერებია ქვეყნის წინსვლა და განვითარება
ზვიად შალამბერიძე - პანდემიის გამო შეჩერებული გვაქვს მასშტაბური ღონისძიებები, მაგრამ არ შეგვიჩერებია ქვეყნის წინსვლა და განვითარება

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისში „გვირილობა 2021“ პანდემიის გამო მასშტაბური ღონისძიებების გარეშე აღინიშნა. ტრადიციულად ბაგრატის ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანემ ქალაქი დალოცა.

ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ესწრებოდნენ.

„ვულოცავ მთელ საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ვულოცავ ქუთაისელებს „გვირილობას“. რა თქმა უნდა, ჩვენ პანდემიის გამო შეჩერებული გვაქვს მასშტაბური ღონისძიებები, მაგრამ არ შეგვიჩერებია ქვეყნის წინსვლა და ქვეყნის განვითარება. მე ვპირდები ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, რომ მომავალ წელს „გვირილობას“ აღვნიშნავთ განახლებული და უფრო გალამაზებული ქალაქით“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

გვირილობა 2021“-ის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამი ოთარის ძეგლი გვირგვინით შეამკეს და ქუთაისის კოლორიტების ხსოვნას პატივი მიაგეს. ასევე, ქუთაისის ცენტრალურ უბანში მოეწყო „გიმნაზისტკების“ პერფომანსი და გაიმართა ფოტოგამოფენა, რომელიც ქალაქის ისტორიას ასახავს.

„ყველა ღონისძიება კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დაცვით ჩატარდა. „გვირილობა“ქალაქის დღესასწაულია და ქველმოქმედებას უკავშირდება. სახალხო დღესასწაულის ტრადიციის საფუძვლად ჯერ კიდევ 1911 წელს დაწყებული კამპანია მიიჩნევა. მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში „გიმნაზისტკები“ ქველმოქმედების მიზნით, გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. გიმნაზისტ გოგონებს წინ, ვექილ ჩიქოვანის მეუღლე, სილამაზის დედოფლად აღიარებული საშა ჩიქოვანი მიუძღოდა“, – ნათქვამია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი